|
მთავარი » 2010 » მაისი » 01 » ქართული კონიაკი
|
კონიაკი ყურძნისეული წარმოშობის ორიგინალური მაგარი ალკოჰოლური სასმელია, რთული არომატითა და მსუბუქი, ჰარმონიული გემოთი. კონიაკი მზადდება განსაკუთრებული ჯიშის ყურძნის მშრალი ღვინის დისტილაციითა და შემდგომი დაძველებით მუხის კასრებში.
ყურძენი და ყურძნის ღვინო განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოსათვის. ქართველი ხალხის დამოკიდებულება ვაზთან ასახავს მის ისტორიას, კულტურას, ცხოვრების ნირს, ქართველი კაცის ძალასა და ხასიათს. მეღვინეობა საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე გაჩნდა, ხოლო ზოგიერთი მკვლევარის თვალსაზრისით ღვინო დედამიწაზე საქართველოში იშვა. ამას მოწმობს უძველესი მარნები, ქვევრები (მიწაში ჩაფლული ღვინის შესანახი დიდი მოცულობის თიხის ჭურჭელი), ჭურჭლეული, ოსტატურად მოხატული ყურძნის მოწევისა და ღვინის წარმოების სცენებით, მორთულობები ვაზის გამოსახულებით, და რაც მთავარია, უძველეს სამარხებში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები.
საინტერესოა "ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემა საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების შესახებ: წმინდა ნინო კაპადოკიელმა საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა ვაზის ლერწმისაგან დამზადებული ჯვრით, რომელიც მისივე თმებით იყო შეკრული. ეს საოცარი ჯვარი არის სიმბოლო ეროვნული სიმდიდრისა და რწმენის ერთიანობისა.
საქართველოში კონიაკის წარმოება (მეკონიაკეობა), მეღვინეობასთან შედარებით ბევრად უფრო ახალგაზრდა დარგია. ყურძნის ღვინისაგან კონიაკის გამოხდა საქართველოში ფრანგებისაგან ისწავლეს XIX საუკუნის შუა ხანებში. 1865 წელს ქართველმა მეწარმემ და მეცნიერმა გიორგი ბოლქვაძემ ქ.ქუთაისში დაიწყო პირველი ქართული კონიაკის წარმოება. ამ კონიაკმა, "კავკასიური ნატურალური კონიაკის” სახელწოდებით , 1878 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო იყო მსოფლიოში ქართული კონიაკის ძლევამოსილი სვლის დასაწყისი.
საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა იყო ცნობილი მეწარმის, მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის საქმიანობა. საფრანგეთში სპეციალური განათლების მიღების შემდეგ, მან 1884 წელს თბილისში დაარსა ფირმა და დასაბამი მისცა რუსეთის იმპერიაში კონიაკის სამრეწველო წარმოებას ღვინის გამოხდისა და საკონიაკე სპირტების დაძველების გარკვეული ტექნოლოგიების დაცვით (იხ. წიგნები: კიშკოვსკი, მერჟანიანი – "ღვინოების ტექნოლოგია”; გლაზუნოვი, ცარანუ – "ღვინოებისა და კონიაკების ტექნოლოგია”; "ყერძნისა და ღვინის ენციკლოპედია”).
ამიერკავკასიისა და კასპიისპირეთის სააქციზო სამმართველოს უფროსი თავის ანგარიშში (გაზეთი "ზაკავკაზიე”, 1911წ., #138) წერდა: "1888 წელს თბილისში, სარაჯევმა მოაწყო პირველი კონიაკის ქარხანა რუსეთში, რითაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიაში მსგავსი ქარხნების გახსნას…ასეთი ქარხნები სარაჯევის ქარხნის გახსნამდე აქ არ შექმნილა. ”
1913 წელს , მაღალხარისხოვანი კონიაკის მრავალწლოვანი სტაბილური მიწოდებისათვის , რომელთაც რუსეთის ბაზარი დაიპყრეს, დავით სარაჯიშვილის ფირმას მიენიჭა ოფიციალური წოდება: "მისი საიმპერტორო უდიდებულესობის კარის მიმწოდებელი”.
დავით სარაჯიშვილმა თავის ფირმაში მიიწვია კონიაკის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა დარგის მეცნიერი. მისი ხელმძღვანელობით საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი საქართველოს სხვადასხვა რაიონის ნიადაგები, განისაზღვრა საგანგებო მიკროზონები, მოისინჯა და შერჩეულ იქნა ყურძნის საუკეთესო ჯიშები, რომლებიც იძლევიან მარალხარისხოვან, მსუბუქ, არომატულ საკონიაკე ღვინომასალებს. მრავალწლოვანი კვლევების შედეგად გადაირჩა ქართული მუხის საუკეთესო სახეობები, რომელთაგან საკონიაკე სპირტების შესანახი და დასაძველებელი კასრები მზადდება, - ხარისხიანი მუხის კასრების გარეშე ხომ მაღალხარისხოვანი კონიაკის წარმოებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
დღეს ამ დარგში საინტერესო სამეცნიერო მუშაობას ეწევა საქართველოს მეღვინეობისა და მევენახეობის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტი, რომლის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სააქციონერო საზოგადოებას "დავით სარაჯიშვილი და ენისელ”–ს.
კონიაკის წარმოების დავით სარაჯიშვილისეული ფირმის მემკვიდრე, საბჭოურ ხანაში, გახდა სახელგანთქმული თბილისის კონოაკის ქარხანა, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ერთ – ერთ წამყვან ქარხანად როგორც გამოშვებული პროდუქციის ხარისხით, ისე პროდუქციის ოდენობით, ტექნიკური აღჭურვილობით და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შემადგენლობით. თბილისის კონიაკის ქარხანა, რომელსაც მემკვიდრეობად ერგო უდიდესი პოტენციალი მიღწევებისა და გამოცდილებისა, დავით სარაჯიშვილის საქმის ღირსეული გამგრძელებელი გამოდგა.
1995 წელს თბილისის კონიაკის ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება "დავით სარაჯიშვილი და ენისელი”, რომელიც დღემდე გვევლინება საქართველოში წარმოებული კონიაკის ძირითად მწარმოებლად (-80%).
რუსეთში, ნამდვილი კონიაკის ჭეშმარიტი ბუკეტისა და გემოს ბევრ მცოდნეს, მოყვარულსა და დამფასებელს, კარგად ახსოვთ ქართული კონიაკის სახელგანთქმული მარკები: "ვარციხე”, "ძალიან ძველი”, "ენისელი”, "თბილისი”, "საქართველო”, "ვარძია”, რომლებიც ხშირად ამშვენებდა მათ საზეიმო სუფრას. მათ დღემდე შეინარჩუნეს ხარისხიანი გემო და არომატი სააქციო საზოგადოება "დავით სარაჯიშვილი და ენისელი"-ს გამოცდილი სპეციალისტების გარჯითა და მზრუნველობით.
"დავით სარაჯიშვილი და ენისელი”-ს სპირტსაცავებში ძველდება უნიკალური ქართული საკონიაკე სპირტის სხვადასხვა სახეობა. მათ შორის ყველაზე ძველი გამოხდილია 1893 წელს სოფელ დიღმის ღვინომასალებიდან დავით სარაჯიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.
მიწისზედა სპირტსაცავებში შექმნილია ხელსაყრელი პირობები მუხის კასრებში საკონიაკე სპირტის დასაძველებლად. გარდა ზემოთაღნიშნული 1893 წელს გამოხდილი სპირტისა, აქ ინახება და სულ უფრო მეტ ახალ სურნელოვან ნივთიერებებს იძენენ საკონიაკე სპირტები, რომლებიც გამოხდილია 1905, 1915, 1918, 1925, 1932, 1941 და თითქმის ყველა მომდევნო წელს.
კონიაკის კუპაჟის მომზადება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია და საჭიროებს ტექნოლოგის დიდ ყურადღებას, გულმოდგინებასა და თავისი საქმის ცოდნას. იმისათვის, რომ მივიღოთ სურნელისა და გემოს მართებული კომპოზიცია, აუცილებელია კუპაჟირებულ იქნას რამდენიმე სხვადასხვა სპირტი, რათა შევინარჩუნოთ ამა თუ იმ სახეობის კონიაკის ტიპიური ხასიათი. სწორედ სხვადასხვა სპირტის უძველესი მარაგის არსებობა, მრავალფეროვნება მათი წარმომავლობის ადგილისა და ასაკისა, საქართველოში მხოლოდ სააქციო საზოგადოებას "დავით სარაჯიშვილი და ენისელი” აძლევს საშუალებას აწარმოოს და შეინარჩუნოს სახელგანთქმული ძველი ქართული კონიაკების იდენტური სახეობანი, რადგან სპირტების ანალოგიური მარაგი სხვაგან არ არსებობს. ყოველივე ზემოთქმული არის იმის გარანტია, რომ ძალგვიძს შევქმნათ ძველი საუკეთესო კონიაკების იდენტური ახალი თაობა. მაგალითად, 1945 წელს იალტაში სერ უინსტონ ჩერჩილის მიერ დაჭაშნიკებული და ძლიერ მოწონებული და შეყვარებული კონიაკის "ენისელი"-ს აბსოლუტურად იდენტურია კონიაკ "ენისელი"-ს ახლანდელი ჩამოსხმა, რომლის შეძენა შესაძლებელია თბილისის, მოსკოვისა თუ ლონდონის სუპერმარკეტებში.
სხვათა შორის, ავტორი კონიაკისა "ენისელი", მისი შექმნის წლებში თბილისის კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი ვახტანგ ციციშვილი, ამ კონიაკის შექმნისათვის, იალტის კონფერენციაზე ასე რომ ასიამოვნა ი.სტალინი, დაჯილდოებულ იქნა სტალინური პრემიით – ერთად-ერთი სპეციალისტი ამ დარგისა, რომელმაც მიიღო ეს მაღალი ჯილდო.
სააქციო საზოგადოება "დავით სარაჯიშვილი და ენისელი” დღეს აღარ იფარგლება მხოლოდ კონიაკის წარმოებით. 1999 წელს საზოგადოებამ შეისყიდა ვენახები და პირველადი ღვინის ქარხნები, რამაც შექმნა კონიაკის სპირტის ამოუწურავი მარაგის დაგროვების გარანტია. ამავე დროს ს/ს აწარმოებს თეთრ და წითელ მშრალ ღვინოებსაც.
დაკვირვებული მომხმარებელი შეამჩნევდა რომ ერთი და იგივე სახეობის ჩვენი კონიაკები ჩამოსხმულია სხვადასხვანაირ ბოთლებში. ჩვენი შეკვეთით ფრანგი დიზაინერების მიერ დამზადებულმა ახალმა სახეობამ ბოთლებისა სრულიად განაახლეს პროდუქციის გარეგნული სახე – ქართული კონიაკი შეიმოსა "ევროპული სამოსელით". ბოთლს, ეტიკეტს და კორპის საცობს ხუფით ჩვენი ფირმა ექსკლუზიურად ღებულობს საფრანგეთის საუკეთესო საწარმოებიდან, რომლებიც ზრუნავენ ისეთი წამყვანი ფირმების პროდუქციის "სამოსელზე", როგორიც არიან "რემი მარტენი", "მარტელი",”ჰენესი",”კურვუაზიე",”კამიუ” და სხვ.
თავისი არსებობის მანძილზე, ქართული კონიაკები მონაწილეობდნენ მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, კონკურსში, პროფესიონალურ დეგუსტაციაში და დამსახურებულად მოიპოვეს მაღალი ჯილდოები. დღეისათვის ამ ჯილდოების რაოდენობა სულ 158-მდე აღწევს. აქედან ხუთი ჯილდო არის "გრან - პრი", მათ შორის არის "სუპერ გრან – პრი” და წოდება "საუკეთესო საუკეთესოთა შორის". ეს უკანასკნელი ეკუთვნის 50 წლის კონიაკს "საიუბილეო", რომელმაც იგი მოიპოვა საერთაშორისო პროფესიონალურ დეგუსტაციაზე იტალიაში. ბოლო კონიაკმა "თბილისი” გრან – პრი მიიღო 1997 წელს ერევანში სომხური კონიაკის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონკურსზე. მედლების საერთო რაოდენობიდან 124 ჯილდო ოქროსია. ეს, ცხადია, მოწმობს იმას რომ ქართული კონიაკის მაღალმა ხარისხმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
ქარხნის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, ე.ი. საქართველოში საკონიაკე მრეწველობის თითქმის მთელი დარგის ხელმძღვანელობამ , რეალურად შეაფასა დარგში არსებული მდგომარეობა, ყურადღება გაამახვილა რიგ პრობლემებზე და სწორი გზა აირჩია არა მხოლოდ კონიაკის წარმოების განვითარებისათვის, არამედ აგრეთვე საქართველოში მეღვინეობის შემდგომი აღმავლობისთვისაც.
და ბოლოს, ყოველგვარ ბიზნესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პატიოსანი, პროფესიონალი და გამოცდილი პარტნიორის არჩევა. ერთია მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა და წარმოება ათწლეულების მანძილზე, ხოლო მეორეა – ამ პროდუქციის რეალიზაცია ასევე მაღალხარისხოვნად. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით ჩვენ დავდეთ ექსკლუზიური კონტრაქტი ისეთ სოლიდურ იმპორტიორთან , როგორიც არის სავაჭრო სახლი "რუსიმპორტი". ეს უკანასკნელი რუსულ ბაზარზე ნამდვილ ქართულ კონიაკს შეიტანს სადისტრიბუტორო ფირმის "მუსკატ - 12″-ს მეშვეობით.
|
ნანახია: 4993 |
დაამატა: adrenalin77
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|