|
მთავარი » 2010 » მაისი » 10 » გროგი
|
ზღვაში ხანგრძლივი გასვლის დროს ადამიანებს ყოველთვის თან მიჰქონდათ რაიმე სასმელი. ძირითადად, ეს წყალი და ლუდი იყო. იმის გამო, რომ წყლის შენახვის მეთოდებს არ იცნობდნენ, მას კასრებში ასხამდნენ. როგორც წესი, ეს კასრები პორტში შესვლის დროს ივსებოდა. იგივე სურათი იყო ლუდთან დაკავშირებითაც. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს წყალი და ლუდი ფერს იცვლიდა და ცუდი დასალევი ხდებოდა. იმისთვის, რომ ასეთი წყლის დალევა შესაძლებელი ყოფილიყო, მასში ცოტაოდენ ლუდს ან ღვინოს ამატებდნენ.
გროგის შექმნა ვიცე-ადმირალ უილიამ პენის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც პენსილვანია დააარსა. 1655 წელს, როცა იგი დასავლეთ ინდოეთში იმყოფებოდა, პენი ბარბადოსში ჩავიდა და იამაიკა დაიპყრო. სამწუხაროდ, იმ დროს, წყლისა და ლუდის მარაგი უკვე შემოლეული ჰქონდათ, თუმცა იამაიკაში ჰქონდათ რომი და ვიცე-ადმირალმა ის თავის რაციონში შეიტანა.
ელიზაბეტ I-ის დროს, მეკობრეები რომით ვაჭრობდნენ და ეს მაგარი სასმელი მეზღვაურებს შორის საკმაოდ პოპულარული იყო. 1655 წლის შემდეგ, დასავლეთ ინდოეთში გახშირებული რეისების გამო, რომის გამოყენების შემთხვევები სულ უფრო გახშირდა. მიუხედავად ამისა, 1731 წლამდე, რომის გამოყენება "ზღვაზე მისი უდიდებულესობის მსახურების წესებსა და ინსტრუქციებში" განსაზღვრული არ იყო.
ვიცე-ადმირალი ედუარდ ვერნონი ცნობილია, როგორც გროგის "მამა". ის მეზღვაური იყო და მუდმივად გემზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას მოითხოვდა. ასეთი დამოკიდებულების გამო, ვერნენი ძალიან უყვარდათ და მისი საწვიმარის გამო, "მოხუც გროგს" უწოდებდნენ.
ვერნენის პერიოდში გემბანზე მეზღვაურებისთვის გაუზავებელი რომის მიწოდება მიღებული იყო, ხოლო სიმთვრალეს ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. 1740 წლის 21 აგვისტოს ვერნენმა მიიღო კანონი რომის წყლით გაზავების შესახებ. მეზღვაურებს რომი დღის მანძილზე ორჯერ უნდა დაელიათ, ერთი დილით 10-დან 12 საათამდე, ხოლო მეორე საღამოს 4-დან 6 საათამდე. იმისთვის, რომ სასმელს უფრო სასიამოვნო გემო ჰქონოდა, მასში შაქარსა და ლიმნის წვენს ამატებდნენ. 1756 წელს წყლისა და რომის ნაზავის მიღება დაკანონდა და ბრიტანულ გემებზე სიგნალი "Up Spirits” ორი ასწლეულის მანძილზე ისმოდა. მართალია, გროგი მიღებული სასმელი გახდა, მაგრამ მისი შემადგენლობა სტანდარტიზებული არ იყო. სხვადასხვა ტიპის ნარევს სახელები კომპასის მხარეების მიხედვით შეურჩიეს, მაგალითად, "ნორდ" სუფთა რომს ნიშნავდა, "ვესტი" სუფთა წყალს. "ვესტ-ნორდ-ვესტი" ერთ მესამედ რომსა და ორ მესამედ წყალს, ხოლო ნორდ-ვესტი თანაბარი რაოდენობის რომსა და წყალს.
ტრაფალგარის ცნობილი შეტაკების შემდეგ, რომს ახალი სახელწოდება "ნელსონის სისხლი" გაუჩნდა. საქმე იმაშია, რომ ნელსონის გვამის სამშობლოში ტრანსპორტირების დროს, იმისთვის, რომ ის არ გაფუჭებულიყო, რომით სავსე კასრში მოათავსეს. ლეგენდის თანახმად, როცა მეზღვაურებმა ამის შესახებ შეიტყვეს, მათ ის რომი დალიეს. იმ დროიდან გროგსაც "ნელსონის სისხლს" უწოდებდნენ.
რომის გროგამდე გაზავების პრაქტიკას დისციპლინის პრობლემა არ მოუსპია. 1823 წელს ადმირალიტეტმა ექსპერიმენტი ჩაატარა და რომის რაციონი ორად გაყო. ამისთვის მეზღვაურებს კომპენსაციის სახით, ჩაისა და კაკაოს სთავაზობდნენ, ხოლო ანაზღაურება თვეში ორი შილინგით გაიზარდა. 1850 წელს გროგის მოხმარების ადმირალთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სასმელის რაციონიდან ამოღების თაობაზე. ადრინდელის მსგავსად, ხელმძღვანელობა კომპენსაციისთვის ფულის გადახდას აპირებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ისევ რაციონის შემცირებით დასრულა.
დროთაგანმავლობაში გროგის დღეები დასასრულს უახლოვდებოდა. 1970 წლის 28 იანვარს სპეციალურმა პალატამ რომის რაციონის თაობაზე, დებატები ("Great Rum Debate”) გამართა. იმავე წლის 30 ივლისს "შავი ყლუპის დღე" ("Black Tot Day”) დადგა, რადგან ბრიტანეთის ფლოტში უკანასკნელად გაისმა სიგნალი "Up Spirits”.
დღეს გროგი საკმაოდ ცნობილი ცხელი სასმელია. მას მაგარი ალკოჰოლური სასმელების, სიროპისა და ლიქიორისგან ამზადებენ. ამის შემდეგ, გროგში ცხელ წყალს ან ჩაის ამატებენ, ხოლო არომატისთვის მასში ლიმნის ნაჭერს აგდებენ.
გთავაზობთ ამ სასმელის რამდენიმე რეცეპტს:
გროგი სილტერი (SYLTER GROG)
შემადგენლობა:
100 მლ წყალი
50 მლ მუქი რომი
ნახევარი ლიმნის წვენი
1 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადების წესი: გააცხელეთ წყალი და ჩაამატეთ მასში რომი, ლიმნის წვენი და თაფლი. კარგად ურიეთ იქამდე, ვიდრე თაფლი არ გაიხსნება.
არომატული გროგი (HELGOLANDER GROG)
შემადგენლობა:
60 მლ წითელი ღვინო
40 მლ მუქი რომი
40 მლ წყალი
შაქარი გემოვნებით
1 ნაჭერი ლიმონი გასაფორმებლად
წითელი ღვინო რომითა და წყლით გააზავეთ. დადგით ქურაზე, მაგრამ არ აადუღოთ. ჭიქაში მოათავსეთ შაქრის ნატეხი, დაასხით გროგი და გააფორმეთ ლიმნით.
თაფლის გროგი
შემადგენლობა:
50 მლ კონიაკი
2 ჩაის კოვზი თაფლი
100 მლ ცხელი, მაგარი ჩაი
ლიმნის ნაჭერი
ცხელ ჩაიში ჩაასხით კონიაკი და დაამატეთ თაფლი, იქამდე ურიეთ, ვიდრე თაფლი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ ჩაასხით ჭიქაში და მიირთვით.
|
ნანახია: 929 |
დაამატა: adrenalin77
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|